Genius has its fatality.
სკანდინავიური ეპოსისთვის ძალიან დამახასიათებელია ფატალურობა. მათი მთავარი ღმერთი, ოდინიც კი, თვლიდა რომ ბედისწერას ვერ გაექცეოდა, მიუხედავად უამრავი მცდელობებისა (ეს კარგად ჩანს მისი შვილის, ბალდურის სიკვდილის დროს). ამავე დროს, პარალელურად ფატალურობისა, ნების გამოვლენა სიკვდილის მიმართ – იყო სკანდინავიური მითოსის მთავარი კონცეფცია, რომელიც სრულდება Ragnarök-ით (რომელიც ასევე ბედისწერით იყო განსაზღვრული). ამიტომ სკანდინავიური ეპოსის გმირები, ყოველთვის მზად იყვნენ თანგანწირვისთვის, ყველა გაგებით. Ragnarök-ს ამ კუთხით თუ შევხედავთ, ღმერთების მასობრივ სუიციდს მოგვაგონებს, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მათ იციან რომ სიკვდილი ელით, მაგრამ მაინც მიდიან ამაზე, და ამასთან, ამ კონკრეტული მოვლენის მიმართ ნებასაც ავლენენ თავიანთი ქმედებით.
გმირი – ყოველთვის პოტენციურ მკვდარს ნიშნავს (აქ სიტყვა “მკვდარი” უფრო მსხვერლის გაგებით არის წარმოდგენილი, თავგანწირულობის შედეგად მკვდარი და არა სტაგნაციური მდგომარეობა), უფრო ფართო მასშტაბით კი იმას, ვინც ისწრაფვის დაშვებულ ზღვრებს გასცდეს, ყოფიერების მიღმა გადააბიჯოს.
ყველაფერი, ყოველი არსება სკანდინავიურ ეპოსში, მიისწრაფვის საყოველთაო კატასტროფისკენ, სამყაროს აღსასრულისკენ. ყოველი გმირი მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ, ეგრეთ წოდებულ, “კოსმიური ძალების თამაშის” პროცესში. “უფროსი ედა”-ს ეს პათოსი მხოლოდ “სიკვდილის ნებით” აიხსნება, რომელიც ცოცხლობს თითოეულ პერსონაჟში. ოდინს, რომელიც წარმოადგენს ეპოსის კულტურულ გმირს, ყავს თავისი საპირისპირო გმირი-ტრიქსტერი, გმირი-გამანადგურებელი – ეს არის ლოკი, რომელიც ითვლება ბოროტ, დამანგრეველ საწყისად. ტრიქსტერების დამახასიათებელი თვისებაა, ყოველთვის უვნებელნი და მშრალნი გამოვიდნენ საკუთარი მაქინაციებიდან. მათ ყოველთვის შეუძლიათ იყვნენ ის, რაც უნდათ, დემონიდან დაწყებული, კულტურული გმირით დამთავრებული. ითვლება, რომ ლოკი ცეცხლის საწყისია, და მისი ჟღალი თმაც ამაზე მეტყველებს.
საბოლოოდ, ეს ორი საწყისი ერთობლივად ერთვება უკანასკნელ ფატალურ ბრძოლაში და აღასრულებს ბედისწერას – Ragnarök-ს.
/ნიცშეს Götzen-Dämmerung, იდეაში იგივე Ragnarök რომელიც ცნობილია, როგორც “ღმერთების (ან კერპების) მწუხრი / ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით”, არასწორი თარგმანია. Ragnarök – ღმერთების სიკვდილს ნიშნავს, ღმერთების ბოლო ჟამს (ბედისწერას), მათი მზის ჩასვლას, დაისს… მწუხრი მართალია დაისის სინონიმია, მაგრამ ამ შემთხვევაში აზრობრივად ვერ გადმოსცემს ამ სიტყვის არსს./