ყველა მაგიური პროცესი ხდება როგორც ჩვენში, ისე ჩვენს გარეთ. მაგი არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ რუნების ამოჭრის პროცესზე, მან უნდა შეისწავლოს შინაგანი და გარე სამყაროებიც. ის არ უნდა გაჩერდეს რუნების მხოლოდ ინტელექტუალურ აღქმაზე. მედიტაცია და სიღრმისეული ძიება – ნორდიკული სულიერების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ფიქრის და მედიტაციის ერთერთი ყველაზე მიღებული მეთოდი – „უტესეტაა“, ბუნების წიაღში ჯდომა და განტვირთვა. მისი სახელიც იმაზე მეტყველებს, რომ მეთოდი უკავშირდება ბუნებაში გასვლას, მასთან შერწყმას, სადაც მაგს შეუძლია განმარტოვდეს, მშვიდად იჯდეს და ცოდნას გამოვლინების საშუალება მისცეს.
მედიტაციის ადგილის შერჩევა გულდასმით უნდა მოხდეს. ამ ადგილს აუცილებლად ძლიერი აურა უნდა ჰქონდეს. ასეთ მედიტაციებს ორი ტიპის ადგილი უხდება: „ნათელი“ და „ბნელი“.
„ნათელი“ ადგილები ხშირად პატარა გორაკებზე ან გაშლილ მინდვრებში გვხვდება, სადაც ბუნება ცოცხალი და მწვანეა. ასეთი ადგილები იდეალურია რელაქსაციისთვის და ენერგიის დაგროვებისთვის. „ბნელი“ ადგილები კი – კლდეებს შორის უნდა ვეძებოთ, სადაც ძირითადად მკვდარი ხეები, გამხმარი ბუჩქები და დეფორმირებული მცენარეებია. ასეთი ადგილები არაჩვეულებრივია ხილვებისთვის, ძიებისთვის, „მკვდართა“ სამყაროსთან კავშირისთვის. ხშირად მაგი თვითონვე გრძნობს, თუ რა ენერგეტიკით არის დამუხტული კონკრეტული ადგილი. ნათელ ადგილებში იგრძნობა უსაფრთხო და მშვიდი ატმოსფერო. ბნელში კი პირიქით – საფრთხე და ამავე დროს ამგზნები, ძლიერი ენერგია. არის ადგილები, სადაც ორივე ასპექტი დაბალანსებულია. თუმცა ვერ ნახავთ ისეთ ადგილს, სადაც მხოლოდ ნათელი ან მხოლოდ ბნელი იქნება. „ბნელ“, მკვდარ ადგილებში, სადაც წარმოუდგენლად გვეჩვენება რაიმე სახით სიცოცხლის გამოვლენა, ხშირად ვაწყდებით მცენარეებს, რაც ადასტურებს, რომ სიცოცხლე გაცილებით ძლიერია, მიუხედავად მისი ასეთი სიახლოვისა სიკვდილთან. მედიტაციის დროს სჯობს ხისკენ ზურგით იჯდეთ.
ბუნებაში ჯდომა ხელს უწყობს შინაგანი დიალოგის გაჩერებას და დაფარული სიბრძნის გახსნას. მედიტაცია სასურველია განთიადის ან მზის ჩასვლის დროს, შეიძლება მთელი ღამეც და გადაბმულად რამოდენიმე დღეც კი. თვალები, როგორც წესი ღია უნდა იყოს, ოღონდ მოდუნებული. თუკი მაგს ჩაეძინება, ეს შეიძლება მაგიური სამუშაო პროცესის ნაწილად ჩაითვალოს. მაგმა არ უნდა იფიქროს რამე კონკრეტულზე (თუნდაც იმაზე, როგორ შეაჩეროს შინაგანი დიალოგი), უბრალოდ უნდა ეცადოს დამშვიდდეს და შინაგანი დიალოგიც, რაც თანამედროვე ადამიანის ცნობიერებას ახასიათებს, თავისთავად დამშვიდდება. არავითარ შემთხვევაში არ ღირს აზრების ძალით ჩახშობა, საკმარისია მათი დაიგნორება, და დროთა განმავლობაში ისინი თავისით გაქრებიან. საჭირო არ არის ყურადღება დაფიქსირდეს ცალკეულ ობიექტზე, სამყარო უნდა აღიქმებოდეს ერთიანობაში. სასურველი არ არის პასიურობა. გრძნობები უნდა იყოს ბოლომდე გახსნილი. რაც მეტს ფიქრობს ადამიანი, მით მეტად შორდება გარემოს. ბუნებაში მედიტაციის დროს შეიძლება ისეთი რაღაცის მოსმენა და დანახვა, რაც ადრე მიუწვდომელი იყო მისთვის. თუკი სამუშაო წარმატებით შესრულდა, ადამიანი იწყებს იმ რეალობის (მომენტის, აწმყოს) შეგრძნებას, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყოველთვის გაურბოდა.
ბუნებაში გასვლა შეიძლება პილიგრიმობას შევადაროთ. მაგი მიემართება რომელიმე ძველი საკულტო ადგილისკენ, მაგ; კონკრეტული ისტორიული ადგილი, წმინდა წყაროები, ძველი საკულტო შენობები, ძეგლები, ყორღანები ან უბრალოდ ლამაზი ადგილი ველურ ბუნებაში. შემდგომ, შერჩეულ ადგილზე იწყებს მედიტაციას.
ნორდიკული მაგია იცნობს სამ ძირითად პოზას, რომელიც რეკომენდირებულია მედიტაციის დროს. მათგან პირველი არის – „Keltensitz“, გადაჯვარედინებული ფეხებით, ზუსტად ისე, როგორც კელტების ღმერთის – ცერნუნოსის ქანდაკებას აქვს. მეორე პოზიცია – მუხლებზე ჯდომაა; მუხლები და ტერფები შებრუნებულია (ამ პოზის ნახვაც შესაძლებელია ძველ ნორდიკულ სკულპტურებში). მესამე – ზურგზე წოლაა, ხელები სხეულის გასწვრივ (იგივე „შავასანა“), ან სხეულზე, გულის ან მუცლის არეში გადაჯვარედინებული. ეს პოზიცია ძირითადად გამოიყენება ყორღანებზე. მისი ვარიაცია – კლდისკენ ზურგით ჯდომაა, წინ გამოწეული ფეხებით. გრძელვადიანი მედიტაციის დროს პოზა იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც შინაგანი დუმილი. მედიტაცია აძლიერებს მაგის უნარს, ბუნებაში დაინახოს „მეგინი“ (ბუნების ენერგია, მაგია) და ქსელი, რომელიც მთელ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს რუნების ენერგიის შეცნობის ერთერთი გზაა.