ჩრდილოური გზის სამი ძირითადი განშტოება
ნაწილი I – ტროტი (Troth)
………………………………………..
ჩრდილოური გზის პირველი ძირითადი მიმართულება – ტროტია.
ტროტი – ეს საშუალებაა, რომლის დახმარებითაც ჩრდილოური გზის მაძიებელი ეცნობა მათ ღმერთებს და ქალღმერთებს, ხალხის კულტურულ ტრადიციებს. მართებული იქნება, თუ ამ ცნებას ჩრდილოური გზის რელიგიურ ტრადიციად განვსაზღვრავთ. ტროტის ძირითადი მიზანი – მოქმედებისთვის და არსებობისთვის სწორი საშუალების პოვნაა, ჰარმონიის მოპოვება და ამ ჰარმონიის შეტანა ცხოვრებაში.
ტროტი – რელიგიის თავისუფალი ფორმაა, ჩვენი ეპოქისთვის ძალიან შესაფერისი. აქ არ არსებობს წმინდა ტექსტები, დოგმები, და შესაბამისად არც „ერესი“ არსებობს. ეს რელიგია ფესვებს იდგამს თავად მორწმუნის სისხლში და ხორცში. ყოველი ადამიანი, ყოველი ოჯახი, ყოველი კლანი და ყოველი ტომი მიჰყვება საკუთარ, განუმეორებელ ტროტის ფორმას.
გაითავისო ეს რელიგია, ნიშნავს შეისწავლო კულტურა, ისტორია და მითოლოგია, და ეს ცოდნა გამოიყენო რიტუალური ფორმით, რომელიც წელიწადის დროის გაკვეულ, სიმბოლურ დღეებში ტარდება (იგულისხმება მზებუდობის და ბუნიაობის დღეები).
ჩრდილოეთის ისტორიის, მითოლოგიის და კულტურის შესწავლა შეიძლება ერთი შეხედვით წმინდა „ინტელექტუალურ“ მოვლენად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც ღირებულებებზე, იდეებზე და მითებზე ნამდვილ (და არა წარმოსახვით) ცოდნას იღებთ, თქვენ ამით სულს იმდიდრებთ; ისინი თქვენი „მე“-ს ნაწილი ხდებიან და გარდამსახველ ზემოქმედებას ახდენენ თქვენს ცხოვრებაზე. ძველად ხალხზე ასეთ ზემოქმედებას ახდენდნენ ზეპირი გადმოცემები და სიმღერები. დღეს, ჩვენს მოდერნისტულ (და უკვე პოსტ-მოდერნისტულ) საუკუნეში, ნებისმიერ ისტორიულ მონაცემებს და სწავლებებს (მათ შორის ძველი ფორმითაც) შეუძლიათ თავისი საქმე კარგად შეასრულონ: მოგვაწოდონ ინფორმაციები, რომელთაც უნარი აქვთ შეგვცვალონ.
მაგრამ, საკმარისი არაა მხოლოდ მათი შესწავლა. თუ ჩვენ ამ საფეხურზე დავრჩებით, ყველა ღირებულებები და პრინციპები ნელნელა გაუფასურდებიან (დღეს თუ არა, ხვალ მაინც). ძველი ტრადიციები კი დღეს ჩვენში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ განაგრძობენ სიცოცხლეს, რომ ჩვენი წინაპრები მათ რიტუალებში იყენებდნენ და მათი დამსახურებით ისინი დავიწყებას არ მიეცნენ. იმისთვის, რომ ძველი მითები და ღირებულებები რეალიზდეს – რეალური გახდეს, საუკეთესო საშუალება რიტუალია, და ასევე არჩეული გზის ერთგულება და ღირსების კოდექსის მკაცრი დაცვა ცხოვრებაში.
სწავლების და მუშაობის ეს ორმხრივი მეთოდი, ჩრდილოური გზის ერთერთი საფუძველია, რომელიც ცნობილია, როგორც – ტროტი. ის ასევე აუცილებელია დანარჩენი ორი გზის პრაქტიკის სრულყოფილად ასათვისებლად.