ამ თემაში მინდა შევეხო ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს: მიზეზებს, თუ რა შემთხვევაში მუშაობენ ან არ მუშაობენ რუნები და რუნული ფორმულები
გარდა იმ მარტივი მიზეზებისა, როდესაც რუნების დატანა ან აქტივაცია არასწორად ხდება, არსებობს სხვა, უფრო საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი მიზეზები, რომლებიც ფორმულის მუშაობისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ.
1. პირადი ენერგია – ნება
როგორც მოგეხსენებათ, რუნები პირველ რიგში მუშაობენ პირად ენერგიაზე. ცნობილია, რომ თითოეულ რუნას გარკვეული პირადი ენერგია მიაქვს. ეს ერთგვარი „საფასურია“, უფრო სწორად – პრინციპი მათი მუშაობის. ყველაფერს სჭირდება ენერგია და ეს ენერგია საიდანღაც უნდა მიიღოს იმან, რის „ამოქოქვასაც“ ცდილობთ.
ადამიანები, დიდი პირადი (შინაგანი) ენერგიით ბევრად ადვილად ახერხებენ რუნებთან ურთიერთქმედებას. პირადი ენერგია, ეს პირველ რიგში შინაგანი ძალაა, ნება, რომელიც გამორიცხულია მიიღო შიშის, ეჭვის და საკუთარი თავის რწმენის არ ქონის მდგომარეობაში. ყოველი ასეთი უარყოფითი ენერგია ასუსტებს ნებას, რაც თავისთავად ასუსტებს შედეგის ხარისხს.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რუნები მუშაობენ უშუალოდ შემსრულებლის ენერგიაზე და არა იმის ენერგიაზე, ვისზეც ის კეთდება, ან ვისი დაკვეთაც არის. ამის მარტივი მაგალითი შავი მაგიაა, სადაც საეჭვოა, რომ რომელიმე „მსხვერპლს“ უნდოდეს ის, რაც სხვამ გაიმეტა მისთვის. მეტიც, მსხვერპლმა ამის შესახებ შეიძლება საერთოდ არ იცოდეს (შეიძლება კი არა, ვერც იგებს რეალურად ვერასდროს, იშვიათი გამონაკლისების გარდა) და გამომდინარე აქედან, ერთადერთი მიზეზი, როდესაც „მსხვერპლზე“ არ მოქმედებს, ეს ან შემსრულებლის დაბალ ენერგიაზე მეტყველებს, ან მსხვერპლის ბევრად ძლიერზე (მათ შორის ძლიერ ეგრეგორულ დაცვაზე), რომელსაც მაგიაც კი ვერ უმკლავდება.
სწორედ ამ მიზნით ადამიანები, რომლებიც მაგს მიმართავენ დახმარებისთვის, პირველ რიგში მათში ამ ენერგიის რეზერვუარს ეძებენ, და სწორადაც იქცევიან. მაგს ეს ენერგია, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს არ ჰქონდეს, რა თქმა უნდა ბევრად მეტი უნდა ჰქონდეს, ამიტომაც ჰქვია მას მაგი (საიდან იღებს მაგი ამ ენერგიას, ახსნილია ტროტის, გალდორის და სეიტის პრაქტიკებში), თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ადამიანს თავადაც ჰქონდეს ამის ძალა და უნარი, თუკი ერთ წერტლში მოუყრის თავს მთელ თავის პირად ენერგიას და მიმართავს ერთი კონკრეტული მიზნისკენ. ასეთ შემთხვევაში მისი ნება, არანაკლებ იმუშავებს, ვიდრე მაგის დაგროვილი პირადი ენერგია, რომელიც თავის მხრივ მუდმივ განახლებას მოითხოვს.
2. კონცენტრაცია
ზემოთ ხსენებული ენერგიის რეზერვაციისთვის კი საჭიროა კონცენტრაციის უნარი, სადაც აბსოლუტურად უნდა გამორიცხოთ შიშის და ეჭვის ფაქტორები, იმისთვის რომ ენერგია მთლიანად მიზანს მოხმარდეს და არ იყოს გამდინარე ამ არხების მეშვეობით.
კონცენტრაციაში კარგი დამხმარეა ერთი შეხედვით მარტივი რიტუალები, რომლებიც რეალურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ საქმეში. მათი მეშვეობით ადამიანი ბოლომდე ჩართულია ქმედებაში და ვერაფერი ვერ უშლის ხელს, რომ მიზანს არ აცდეს და სხვა ტალღაზე არ გადაერთოს. თუ დააკვირდებით, კითხვის დროს ხშირად აზრები მაინც სხვაგან გარბიან, მაგრამ თუ ხმამაღლა ვკითხულობთ, გონება ვეღარ ახერხებს სხვა ხელის შემშლელ აზრებს აჰყვეს. ამიტომ, როდესაც რუნებს ვწერთ, და ამავე დროს მათ სახელებს ხმამაღლა წარმოვთქვამთ, ჩვენი ყველა უნარი მოქცეულია ერთ წერტილში. ვიზუალური, სმენითი და აზრობრივი ფორმები, მიმართულია ერთი კონკრეტული მიზნისკენ, რაც კონცენტრაციის მაქსიმალურ შედეგიანობას განაპირობებს.
3. ვიზუალიზაცია
ვიზუალიზაცია ამ პროცესის ერთერთი განუყოფელი ნაწილია, უნდა ეცადოთ, რომ რასაც წერთ, ამბობთ და ფიქრობთ, წარმოიდგინოთ, დაინახოთ, შეიგრძნოთ, ბოლომდე განიცადოთ ის შედეგი, რის მიღწევასაც ცდილობთ, ანუ უნდა იგრძნოთ ამ შედეგისგან მიღებული სიხარული თუ სიამოვნება (მაგ: წარმოიდგინოთ რომ გამოცდა ჩააბარეთ და გიხარიათ). რასაკვირველია, რომ ამ მიზანს და შედეგს თქვენზე უკეთ ვერცერთი მაგი ვერ ისურვებს და ვერ წარმოიდგენს. მაგის მუშაობის პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება იმ ადამიანის მოქმედებისგან, რომელსაც კონკრეტული მიზანი ამოძრავებს. თუმცა მაგს ეს თავისი ენერგიის ხარჯზე შეუძლია (თუკი რა თქმა უნდა აქვს ასეთი), და შედეგის არ დადგომა ამ შემთხვევაში მაგის „კისერზე“ იქნება და არა იმ ადამიანის, ვისთვისაც ეს კეთდება, ვინაიდან მაგისთვის აბსოლუტურად სულერთია, ადამიანს უნდა ეს თუ არა, მას ზემოქმედების მოხდენა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეეძლოს თავისი ენერგიით.
4. რიტუალები
და ბოლოს, სამუშაოს სწორად შესრულება, რომელსაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, აქვს თავისი დატვირთვა, მაგრამ მთელი მისი მიზანი არის ის, რომ კონცენტრაციაში დაგეხმაროთ, სწორად მიმართოთ ენერგია. იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ფიზიკურად ყველა წესი დაიცვათ და სწორად შეასრულოთ, მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ძირითადი ფაქტორი დაგაკლდათ, უბრალოდ სწორად „დახატვა“ შედეგს ვერ მოიტანს. გარდა ამისა, რუნებს ამოქმედებისთვის დრო სჭირდებათ, საშუალოდ ორი დღიდან ორ კვირამდე (ზოგს შეიძლება მეტიც).
ამიტომ, თუკი ჯერჯერობით შედეგი არ მიგიღიათ, მოიკრიბეთ ნებისყოფა, ნუ დაკარგავთ ამის გამო რწმენას და მოთმინებას, გაითვალისწინეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები და ეცადეთ მაქსიმალურად ჩადოთ ენერგია, როდესაც რუნებთან იწყებთ მუშაობას. და გახსოვდეთ, ენერგია თქვენშია!