რუნა Sowulo (s) სოულუ

სოულუ მზის ბრწყინვალებაა. მას ასევე პირდაპირი კავშირი აქვს სიტყვა „ზიგ“-თან (sig), რაც ნიშნავს გამარჯვებას. აღსანიშნავია, რომ მზეს ჩრდილოურ ტრადიციაში ერთერთ ძირითად იარაღად თვლიდნენ ტროლებთან, იოტუნებთან, ჯუჯა-ცვერგებთან და სხვა ბნელეთის მკვიდრებთან ბრძოლისას (მაგალითად დრაუგებთან, ნახევრად ცოცხალი და ნახევრად მკვდარი არსებები). როგორც კი მზის სხივი შეეხებოდათ, ისინი ან ქვად იქცეოდნენ ან სულაც ქრებოდნენ.

აღწერა

…………………………………………………………..

მზე ყოველთვის წარმატების, სიმდიდრის, გამარჯვების და ლიდერობის სიმბოლო იყო. გარდა ამისა, მზეს (ისევე როგორც ცეცხლს) აქვს თვისება სიბნელე გაფანტოს, ანუ გამოავლინოს. ითვლებოდა, რომ დღის სინათლეზე, ისევე როგორც ცეცხლის სიახლოვეს, არ შეიძლებოდა ისეთი საქმით დაკავება, რომელიც ტყუილს და ცბიერებას უკავშირდებოდა. მაგრამ, მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, ზიგ-რუნა ისლანდიურ ტრადიციაში გამოიყენებოდა მისი მნიშვნელობის საპირისპიროდაც, როგორც „სიზმრის ეკალი“. ითვლებოდა, რომ თუ ამ რუნას ამოჭრიდი და მძინარე ადამიანის ბალიშის ქვეშ ამოდებდი, ის იქამდე არ გაიღვიძებდა, სანამ რუნას არ აიღებდი. სავარაუდოდ ისლანდიელი შამანები ამ ფორმით ისეთ გულუხვ სიზმრებს „უგზავნიდნენ“ ადამიანს, სადაც წარმატების და გამარჯვების ილუზიაში, განა ვერ იღვიძებდნენ, უბრალოდ გაღვიძება არ უნდოდათ.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები

…………………………………………………………..

მანტიკაში სოულუ, როგორც წესი, კარგის მანიშნებელია. ის გვაუწყებს წარმატებას, გამარჯვებას, „ადგილს მზის ქვეშ“.

მაგიაშიც მას გამარჯვების მოსაზიდად ან საქმეში წარმატების მისაღწევად იყენებენ. მისი გამოყენება შეიძლება ბნელი ძალებისგან დასაცავადაც, ან/და ტყუილის და ცბიერების გამოსავლენად. თუმცა, ისლანდიელი მაგების პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც სჩანს, ამ რუნით შესაძლებელია გამარჯვების ილუზიითაც „დააჯილდოვოთ“ ადამიანი. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ თუ მზეს დიდხანს ვუყურებთ, მას თავისუფლად შეუძლია დაგვაბრმავოს.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ